შუადღეს ოდნავ გადაცდა, სოფელში სიწყნარეა, გორაკის მეორე მხრიდან ისმის ტრაქტორის ხმა, რომლითაც ხეებს წამლავენ, მეზობელი ეზოდან კი _ მამლების ყივილი. სახლის უკან, ქუჩის მხრიდან, ფარდულის გვერდით, რომელიც ცხოველების საკვების შესანახად გამოიყენება, დაგროვებულ ფიჩხსა და შეშას შორის ნატაშა დგას და ცულით  ჭრის ტოტებს ღუმელის დასანთებად. რამდენიმე ქათამი კაკანით იქექება ხის ნათალში. გენა კუნძზე ზის და გემრიელად ეწევა სიგარეტს მექანიკური ხერხის გვერდით, რომელსაც ჯერ კიდევ ასდის ბენზინის სუნი.

_ აჯობებდა, მეც მომეწია, „შესვენებას“ მოვაწყობდი, _ ირონიულად ხუმრობს ნატაშა.

_ თქვენთან მამაკაცები არ ჭრიან შეშას? ვეკითხები ქალს.

_ ისინი მხოლოდ კუნძებს ჩეხავენ, შეშის ჭრაზე ალერგია აქვთ, _ იცინის ნატაშა.

_ აღდგომიდან ქრისტეს შობამდე სულ ჩეხავენ, შეშას კი უფრო ქალები ჭრიან. სამაგიეროდ ზამთარში შემოაქვს შეშა მკლავებით, უყვარს როდესაც თბილა სახლში. გენას დედა, რომელიც შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს, ქალბატონი თამარა, მასხარად იგდებს ხოლმე შვილს (შემდეგში: დედამთილი თამარა). წყვილს ჰყავს ორი ვაჟი, 19 წლის დანიელი და 22 წლის კოსტელი.

ასე გავიცანი ნატაშას ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს კამერების წინ, მაინც დათანხმდა „მონიტორინგზე“ რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა შეგვეგროვებინა მასალა სოფელში მცხოვრები ქალების შესახებ და შეგვედარებინა, რით განსხვავდებიან ისინი ქალაქში მცხოვრები ქალებისგან.

თუ ვისაუბრებთ გენდერული თანასწორობის შესახებ, სოფელში ეს ისე არ ჩანს, როგორც ქალაქში, სადაც განსხვავება დასაქმებასა და მიღებულ ანაზღაურებაში გამოიხატება, რადგან სოფლად სამუშაო ადგილები, უბრალოდ, არ არის. დასაქმების ადგილების, სასწავლო და კულტურის დაწესებულებების არარსებობა  სოფელში ცხოვრებას უფრო რთულს ხდის. უმრავლეს შემთხვევაში ქალები არ არიან დაკავებულები მხოლოდ დიასახლისობით და ბავშვების აღზრდით, არამედ ფიზიკურადაც შრომობენ მამაკაცების გვერდიგვერდ, მაშინაც კი მუშაობენ, როდესაც მენსტრუალური ციკლი აქვთ; არავინ არ საუბრობს ტკივილების შესახებ, რომლებიც თან ახლავს ამ დღეებს, რადგან ეს აქ ტაბუდადებულ თემად ითვლება.

მოგითხრობთ გენას და ნატაშას ამბავს, რომლებიც  მოლდოვას რესპუბლიკის ჩრდილოეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, კიშინიოვიდან 225 კილომეტრის დაშორებით. სოფელ ბრაიკეში  300 ადამიანზე ოდნავ მეტი ცხოვრობს, აქ ერთ ოჯახზე  რამდენიმე სახლი მოდის, რადგან მოხუცები კვდებიან, ხოლო ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ. აქ არ არსებობს ადგილობრივი ადმინისტრაცია, გამგებლის ოფისი მთის მეორე მხარეს,  სოფელ სუდარკაში მდებარეობს, ბავშვებიც დაწყებული მე-5 კლასიდან, იქვე სუდარკაში დადიან სკოლაში, რადგან ბრაიკეში გამნაზია ბავშვების ნაკლებობის გამო დახურეს. არსებობს ერთი საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა, 1829 წელს აშენებული ეკლესია, სამედიცინო პუნქტი, რომელიც მხოლოდ კვირაში ერთხელ იხსნება და სოფლის ცენტრში ერთ-ერთი ოჯახის ეზოში სურსათის მაღაზია, რომელიც ზომით ავტოფარეხის ტოლია.

გათხოვების შემდეგ, ანუ 23 წლის წინ ნატაშა ბრაიკეუში გადმოვიდა საცხოვრებლად. მშობლების სახლი და მშობლიური სოფელი დატოვა, რათა გენასთან ერთად ეცხოვრა; გენა იმ დროს ტრაქტორზე მუშაობდა. თავიდან ძნელი იყო _ ახალი სახლი, სოფელი და ახალი ხალხი. ხოლო მას შემდეგ, რაც გააჩინა პირველი ვაჟი, მერე _ მეორე, მისი მშობლები გარდაიცვალნენ, მისი სახლი უკვე აქაა და რომც უნდოდეს, წასასვლელი არსად აქვს. მზის ამოსვლიდან დაღამებამდე მუშაობს; სურს, რომ მის ბიჭებს მასზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ.

ქალის სამუშაო საათები სოფელში დაღამებამდე, უფრო ზუსტად დაძინებამდე გრძელდება; ნატაშა დილას იწყებს ახალი ამბების გაცნობით, დილის 5:30 საათზე,  სანამ მის ვაჟებს და ქმარს ჯერ კიდევ სძინავთ, სიახლეებს კომპიუტერით ეცნობა და თან ყავას სვამს. ამის შემდეგ იღებს საღამოს გამზადებულ სათლს და  ბოსელში მიდის საქონლის მოსაწველად, აქ უკვე ელოდებიან პატარა მეგობრები – კატა გოშა და ძაღლი როზა, რომლებმაც იციან, რომ ახალი რძის თითო ულუფას მიიღებენ.

დისკუსია საკუთარ თავთან ხშირად უნებლიეთ გადადის საუბარში პატარა მეგობრებთან, რომლებმაც არ იციან არც განკითხვა და არც კრიტიკა. ქალს მოთმინება მართებს ცხოვრებაში, ასეთი აღზრდა  თაობიდან თაობას გადაეცემა. არ არის ყველაფერი ისე, როგორც ნატაშას სურს, მაგრამ ამბობს, რომ ზოგადად კმაყოფილია სოფელში ცხოვრებით. ახლა ძროხა მიჰყავს ნახირში, ხოლო როცა დაბრუნდება, უნდა წავიდეს ბალახის სათიბად, რათა საღამოს ცხოველებს აჭამოს. შემდეგ უნდა დააპუროს გოჭები, გამარგლოს ბაღი, გაამზადოს სადილი, დაჭრას შეშა, მოიყვანოს ძროხა ნახირიდან,  ბოჩოლა – საძოვრიდან, შემდეგ ისევ წველა, საჭმელი და სულ ასე… ასე აღწერს ნატაშა თავის დღის განრიგს.

ძალიან იღლება, მაგრამ ყველა საქმე უნდა გაკეთდეს, რადგან სხვა არავინაა გამკეთებელი. ვისაც ცხოველები ჰყავს, უნდა მოიყვანონ იონჯა და სიმინდი; ძალიან ძნელია სოფლად, მაგრამ რას იზამ, ყველა ვერ წავა ქალაქში, სოფელმა თუ არ იმუშავა, ქალაქელებს საჭმელი არ ექნებათ. ნატაშა ამბობს, რომ ქალაქში ვერც იცხოვრებდა. ჰაერი სოფელში უფრო სუფთაა, შეგიძლია გაზარდო ცხოველები, მოიყვანო ხილი, ბოსტნეული, მაცივარი ყოველთვის სავსეა სახლში მოყვანილი პროდუქტით; ქალაქში კი ყველაფერი უნდა იყიდო ბაზარში, ასე ცხოვრება ბევრად უფრო ძნელია.

_ დილა მშვიდობისა, მარუსიკა! _ ესალმება თანასოფლელ ქალს ჭასთან წყალზე წასული.

არ უყვარს წუწუნი, რადგან არსებობს ხალხი, ვისაც უფრო მეტად უჭირს. მართალია,  უკეთესი ცხოვრება სურს, მაგრამ კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ხანდახან, როდესაც გული აქვს დამძიმებული, ფიქრებს იწყებს და ოცნებობს. ფიქრობს, რომ მთელ მსოფლიოში არსად არ არის ადვილი, იყო ქალი.

ფემინიზმის შესახებ ნატაშას საუბარი არ უნდა, უხერხულად გრძნობს თავს, რადგან არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.

_ შეხედე, როდესაც მჭირდებიან, მარტოს მტოვებენ, არც როზა და არც შარიკი ახლა ჩემთან არ არიან, _ ამბობს ნატაშა, როცა  ნახირიდან ბრუნდება.

სახლში მუშაობა გრძელდება. დედამთილი თამარა გოგრით ხელში მიდის ფარდულისკენ, რათა გაამზადოს შიგთავსი ღვეზელისთვის. გენა სიგარეტს ეწევა და  რკინის ნაწილს ამაგრებს.

_ გეყო სიგარეტის მოწევა. სჯობს სიმინდი დაარჩიო და ცოტა შეშაც შემოიტანო სახლში, მერე მიდი, ბურღული დაარჩიე, ცხოველებს საჭმელი უნდა გავუმზადო, _ უბრძანებს ქმარს ნატაშა; ამავდროულად თვითონ გარეთ ანთებს ცეცხლს ქურაზე, რათა გაამზადოს საუზმე ოჯახისთვის და საკვები _ ცხოველებისთვის.

_ მივდივარ, მივდივარ. იქნებ და სჯობს ბიჭები გააღვიძო, მოჰკიდონ ხელი და გააკეთონ რამე, თორე მხოლოდ ღამღამობით სეირნობა იციან დისკოთეკაზე, შემდეგ ნახევარი დღე სძინავთ! _ საყვედურობს ცოლს გენა.

_ იცი რა, აცალე ბიჭებს დასვენება, დილისკენ მოვიდნენ სახლში, _ დაიცვა შვილები ნატაშამ. ერთ-ერთი ბიჭი ახლახან დაბრუნდა ჯარიდან, ხოლო მეორე არდადეგებზეა ჩამოსული სასწავლებლიდან.

საუზმე _ ცეცხლზე მოხარშული ფაფა (მამალიგა) რძესთან ერთად უკვე მზად არის, მაგრამ ნატაშა მშვიდად ჭამას ვერ ახერხებს. ხან სუფრას რაღაც აკლია, ხან დღის განმავლობაში გასაკეთებელ საქმეებს გეგმავს, დღე ახალი დაწყებულია, ხოლო საქმეები  მზის გადასვლამდე უნდა მოესწროს.

იმ დროს სანამ თავად ეზოში ფუსფუსებს, გენა გორაკზე აშენებულ სახლში მუშაობს, როცა დაბრუნდება, მერე ერთად წავლენ იონჯის სათიბად.

_ რთულია იყო თვითრეალიზებული, გქონდეს მშვიდი ცხოვრება, როდესაც მთავრობა არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის, _ ამბობს გენა საკუთარი პესიმიზმის გასამართლებლად.

გენამ საინჟინრო პროფესიული სკოლა დაამთავრა. თავს დიდად განათლებულად არ მიიჩნევს, მაგრამ ბევრ დარგში აქვს შრომის გამოცდილება. იყო ტრაქტორის მძღოლი, მაგრამ ახლა გარდა ბარისა და საქონლისა სხვას ვერაფერს უკავშირებს საკუთარ მომავალს, ისევე, როგორც ვერ ხედავენ სხვანაირ მომავალს მისი თანასოფლელები. მას არ აქვს იმედი, რომ ქვეყანაში რამე შეიცვლება, ხოლო საკუთარი ცხოვრების შესახებ… თვლის, რომ ის დაკარგულია, რადგან ამ ასაკში აღარ შეუძლია წამოიწყოს ახალი საქმე. ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ასეთი მთავრობის პოლიტიკის გამოა, რომელიც ვითომ ხალხისთვისაა, სინამდვილეში კი თითქმის 30 წელი გავიდა გარდაქმნის შემდეგ და ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, გარდა ქურდობისა. მის იმედგაცრუებასა და უიმედობას რეალობა ამყარებს, რომელიც მუდმივად უცვლელია: ფერმერს არ შეუძლია გაყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბანკის კრედიტები კი ძალიან ძვირია იმისთვის, რომ საქმე წამოიწყო.

გენას ყველა ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია  იმდენად აწუხებს, რომ აღარ რჩება ენერგია ოჯახში გრძნობებისთვის, სიყვარულისთვის და ურთიერთობებისთვის. ძნელია გქონდეს იმედი და იოცნებო მაშინ, როდესაც არ შეგიძლია ფულის შეგროვება, რათა იყიდო ინსტრუმენტები ან იშოვო ელემენტარული სამსახური. სულ პრობლემებზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს, არსებობისთვის ბრძოლამ სიყვარული ჩაუქრო. ქალაქში ადამიანები დადიან სამსახურში, ხოლო როდესაც შინ ბრუნდებიან, აქვთ თავისუფალი დრო, სოფელში კი თავისუფალი დრო უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ოჯახში უფრო ხშირად  უთანხმოებაა, ვიდრე ურთიერთგაგება.

გენა ფიქრობს, რომ რთულია როგორც მამაკაცად, ისე ქალად ყოფნა. რთულია, რადგან ორივე ბევრს მუშაობს, ერთი ძირითადად გარეთ, მეორე კი _ შინ. სოფელში ურთიერთდახმარება ბუნებრივი ამბავია: ქალებიც მუშაობენ გარეთ მამაკაცებთან ერთად, ხოლო მამაკაცები თავის მხრივ ქალებს ეხმარებიან. რთულია ურთიერთობები, პრობლემების გამო იშვიათია მშვიდი საუბარი. ნატაშა ფიქრობს, რომ ჯერ ახალგაზრდაა და რომ ცხოვრება წინაა, მაგრამ როდესაც გასცდები 40 წლის ასაკს, ცხოვრება უკვე უკან ტრიალებს… ის არ გრძნობს ამას, _ ამბობს გენა, და ამატებს, რომ 14 წლის ასაკში დაწყებულმა მძიმე შრომამ დაუზიანა ჯანმრთელობა, ხოლო ამ ასაკში რომელსაც მიაღწია, გზა უკვე  პენსიისკენ და სასაფლაოსკენ მიდის.

დედამთილს, თამარას სხვა ხედვა აქვს თანასწორობის შესახებ. 55 წლის ასაკში (ახლა 77 წლისაა) დაქვრივდა, დიდი ხანია რაც ცხოვრობს ვაჟთან და რძალთან ერთად. ეხმარება მათ ისე, როგორც შეუძლია და ცდილობს ნატაშა ნაწილობრივ განტვირთოს ოჯახის საქმეებისგან. ცხოვრების გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა, მას ესმის ნატაშასი.

_ მით უმეტეს, ჩემს ვაჟსაც რთული ხასიათი აქვს. მე მესმის რძლის და ვეხმარები, _ ამბობს ქალბატონი თამარა.

ის თვლის, რომ ქალებს სინამდვილეში უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, და მიუხედავად იმისა, რომ ისე ჩანს, თითქოს ქალებს არ აქვთ საკმარისი უფლებები, სინამდვილეში ოჯახში მათი მნიშვნელობა უფრო დიდია. ხალხში ამბობენ, მამაკაცი ოჯახის თავიაო, რეალობაში კი ქალი მართავს ყველაფერს, ქალები რომ არ ყოფილიყვნენ, მამაკაცები ვერაფერს გააკეთებდნენ. მისი აზრით, ქვეყნის სათავეში რომ ყოფილიყო „საქმიანი ქალი“, მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ნატაშა დაბრუნდა სათიბიდან და დაგვთანხმდა ხის ჩრდილში გაგვესაუბროს.

_ ეს კითხვები სოფელში მცხოვრები ქალებისთვის ისეა, როგორც ჭრილობაზე დაყრილი მარილი. თუ ყველაფერს მოვყვები, შეიძლება ტირილიც დავიწყო,  თქვენ კი დააპირებთ წიგნი დაწეროთ ჩემი ცხოვრების შესახებ, _ ხუმრობს ნატაშა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ძლიერ ქალად თვლის, ნატაშა ამბობს, რომ როდესაც ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, ტირის ხოლმე, სულ მცირე თვეში ერთხელ მაინც,  სხვანაირად შეუძლებელია. ის ფიქრობს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ვერც წინ წავა და ვერც უკან, უნდა იაროს ისე, როგორც თავიდანვე დაიწყო (დინებას გაყვეს).

_ თუ გინდა, შეცვალო შენი ცხოვრება, შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ  შვილებზეც უნდა იფიქრო, _ ამბობს ის. მისი აზრით, ქალების უფლებები დაცული იქნება, თუკი თავად აირჩევენ  ცხოვრების წესს.

ნატაშა ამბობს, რომ ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ გათხოვების შემდეგ დაიწყო პრობლემები: ბავშვები, შრომა, გაჭირვება, მცირე გაუგებრობები, რომლებიც ფაქტობრივად ნებისმიერ ოჯახში არსებობს. თუ დასაწყისში ყველაფერი ახლოს მიჰქონდა გულთან, ასაკთან ერთად გაიგო, რომ ეს არაფერს ცვლის. რაც ხდება სახლში, ოჯახში, იქვე უნდა დარჩეს. ბევრ მეზობელ ქალს უკვირს, როგორ შეუძლია  სახლიდან თავყრილობებზე გამოსულს არ ემჩნეოდეს თავისი პრობლემები.

_ ხალხი არ არის დამნაშავე ჩემს ოჯახურ გაჭირვებაში და არ მგონია სწორი იყოს დავტვირთო ადამიანები ჩემი პირადი პრობლემებით.

ნატაშას თაობა ასე აღიზარდა, მათ ასწავლეს, რომ უნდა მოითმინოს. დედამ ბავშობიდან ასწავლა, რომ ერთხელ თუ გათხოვდება, არ აქვს მნიშვნელობა, ქმარი კარგი იქნება თუ ცუდი, მაინც მასთან უნდა დარჩეს მთელი ცხოვრების განმავლობაში და არ უნდა გაიტანოს პრობლემები „ხალხში“. ეს რჩევა სრულად განსხვავდება იმისგან, რასაც ახლა სწავლობენ ქალები – მოითხოვონ უფლებები და განქორწინდნენ „თუ არ მიდის კარგად საქმე“. ადრე ქალებს არ შეეძლოთ ეცხოვრათ ერთი დღე ერთ მამაკაცთან და მეორე დღეს  _ სხვასთან. ქალები ძირითადად ბავშვების გამო ცხოვრობენ აუტანელ ქმრებთან, იღებენ მსხვერპლს, რადგან დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა და ვერაფერს ცვლიან.

_ ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ თუ არ გამოცდიან ბევრ მამაკაცს, არ ეცოდინებათ რომელია კარგი.  ნატაშასთვის ეს მიუღებელია.

გადავდივართ ოჯახში საქმის განაწილებაზე. როგორ ხდება? სქესის მიხედვით? თუ საჭიროა შეშის დაჭრა ან ბალახის გათიბვა, თვითონ აკეთებს, არ უყურებს  მამაკაცის საქმეა ეს, თუ ქალის. ოჯახში ურთიერთდახმარებას საჭიროდ და ძალიან მნიშვნელოვნად თვლის. იცნობს ქალებს, რომლებსაც არ უნდათ შეასრულონ მძიმე სამუშაო, რადგან, მათი წარმოდგენით, ქალებმა მხოლოდ სახლში უნდა იმუშაონ, მოუარონ ბავშვებს და საჭმელი გაამზადონ. ამ დროს, თუკი ჯანმრთელები არიან, შეუძლიათ თანასწორად იმუშაონ. თუმცა, არ უხარია, რომ მძიმე შრომა უწევს… არ უსურვებდა თავის მომავალ რძლებს იმუშაონ ისე, როგორც თვითონ მუშაობს.

ნატაშა ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ქალები ძალიან განსხვავებულად ცხოვრობენ, ზოგიერთი შრომობს ისევე ბევრს, როგორც მამაკაცი (როგორც თვითონ), სხვები აკეთებენ მხოლოდ სახლის საქმეებს და ისე ცხოვრობენ, როგორც ქალაქში.

_ აბა, აღარ არის ლაპარაკის დრო. ძროხაა მოსაყვანი ნახირიდან, _ დაასრულა საუბარი ნატაშამ და გაემართა სოფლის ბოლოსკენ.

მოკლედ აღწერილი ნატაშას ცხოვრება მოლდოვის რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ქალის რეალობა ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი ისტორია იმსახურებს, რომ იყოს მოსმენილი, რადგან ის ტიპურია ქვეყანაში მცხოვრები ქალების 30 და სოფლებში მცხოვრები ქალების 50 პროცენტისთვის.

არსებობს პროექტები, რომელთა მიზანიცაა ქალების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალების მიერ სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავება, ასევე, ქალების და მამაკაცების შრომის ანაზღაურების განსხვავების მოხსნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სოფელში მცხოვრები ქალების პრობლემები გადაუჭრელი რჩება. არსებობს სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც ქალების ფუნქცია ოჯახში მხოლოდ დიასახლისობა და ბავშვების აღზრდაა, მამაკაცები ითვლებიან ოჯახის უფროსებად, სოფლად მცხოვრები ქალების ყოფა ქალაქის მაცხოვრებელი ქალების ცხოვრებასთან შედარებით ძალზე რთულია; ქალაქში ინფორმირების დონე უფრო მაღალია და არსებობს არაერთი დაწესებულება, რომელთაც ქალებს შეუძლიათ მიმართონ უფლებების დარღვევისას.

  • სოფელში მცხოვრები ქალების შესახებ საჯარო (საზოგადოებრივი) პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა სოფლად უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე ქალაქებში, ხოლო სოფლის მეურნეობაში არაფორმალური სამუშაოს გამო მათ არც სამედიცინო დაზღვევა აქვთ, რაც მათ ჯანმრთელობას უფრო დაუცველს ხდის.
  • კულტურის, ინფრასტუქტურის, პროფესიონალური განვითარების და შემდგომში დასაქმების საშუალების არარსებობა სოფლებში, ხოლო ქალაქებში ინფორმირების, განათლების და მხარდაჭერის პროექტების სიმრავლე, სოფლის მაცხოვრებელ ქალებს აგრძნობინებს თავს დავიწყებულებად სახელმწიფოს და  ხელისუფლების  მხრიდან, ასევე _ გარიყულებად ქვეყნის სოციალური ცხოვრებიდან.
  • მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კვლევები: http://ipp.md/2018-12/2795/
  • სოფელში მცხოვრები ქალები წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს, ხოლო სოფლებში მცხოვრები პოპულაციის 51%-ს.
  • სოფელში დასაქმებული ქალების 46%-ს აქვს უმაღლესი, სპეციალური ან მეორადი პროფესიული განათლება, შედარებისთვის ქალაქელების შემთხვევაში ეს ციფრი 75%-ია.
  • სოფელში მცხოვრები ყოველი მეორე ქალი აცხადებს, რომ მათი ხელფასი საკმარისია მხოლოდ მინიმალური აუცილებელი ხარჯებისთვის, ხოლო 16,2% ამბობს, რომ ხელფასი არ არის საკმარისი არც მინიმალური აუცილებელი საჭიროებებისთვის.
  • სოფელში მცხოვრები ქალების დაახლოებით 27% მუშაობს სოფლის მეურნეობაში, უცხოეთში ან სხვა დარგებში, რომლებიც არ იძლევიან სამედიცინო დაზღვევას.
  • ქალების 27,2% არაოფიციალურად მუშაობს.
  • სოფელში მცხოვრები ქალების 60%-ს არ აქვთ საშუალება მიიღონ სამედიცინო დახმარება და მხოლოდ 40%-ს აქვს დაზღვევა.
  • სოფელში მცხოვრები ქალების 20% აფასებს თავის ჯანმრთელობას, როგორც ცუდს ან ძალიან ცუდს, ქალაქში მცხოვრები ქალების შემთხვევაში ეს 14,5%-ია.

 

ტექსტი და სურათი: სერჯიუ ბეჟენარუ.

რეჟისორი: ვიორიკა ტატარუ.